Материалы

წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულების ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-12-26

წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ მოციქულთა თავი. სანამ ქრისტეს ქადაგებას შეუდგებოდა, მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში (1კორ.9:5, ლუკ.4:38). ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმის სახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში. წმინდა პეტრე განსაკუთრებით ცნობილია იმ  ევანგელური ეპიზოდიდან, როცა მან ირწმუნა ქრისტე,   როგორც ცოცხალი ძე ღვთისა და იესო ადასტურებს, რომ ქრისტემ,   როგორც სამყაროს  მხსნელმა  ღვთის ძემ, უნდა ააშენოს მისი ეკლესია (მათე 16:15-19).

იესოს დაპატიმრების ღამეს წმინდა პეტრემ   სამჯერ უარყო იგი, მაგრამ   მოგვიანებით მოინანია.   სულთმოფენობის შემდეგ მან შეკრებილებს  განუმარტა მომხდარის აზრი და ისაუბრა მკვდრეთით აღმდგარ იესოზე.  მეფე ჰეროდემ დააპატიმრა იგი, მაგრამ ის   სასწაულებრივად გათავისუფლდა ციხიდან. გადმოცემის თანახმად, იგი წამებულ იქნა რომში, თავდაყირა ჯვარს აცვეს.   

წმინდა პავლე უფლის მე-13 მოციქულია. „საქმე მოციქულთას“ მიხედვით, პავლე დაიბადა ქ. ტარსუსში (კილიკია), რომაული მოქალაქეობის მქონე წარჩინებული ებრაელის ოჯახში, ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. სავლე თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში. დამასკოს გზაზე მას გამოეცხადა ნათლით მოსილი უფალი იესო ქრისტე და ჰკითხა „საულ, საულ, რაისა მდევნი მე?”. ამ სასწაულის შემდეგ სავლე დაბრმავდა. მოგვიანებით მოციქულმა ანანიამ უფლის ნებით მოძებნა სავლე, მონათლა და თვალები აუხილა. ანანიამ მას სახელი შეუცვალა და დაარქვა პავლე.

ამ სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის აქტიური მქადაგებელი გახდა. ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად სამჯერ იმოგზაურა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში — არაბეთიდან ესპანეთამდე. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა წმინდა პეტრე,  იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწესრიგებაში.

იგი მონათლა ანანია მოციქულმა. გადმოცემის თანახმად, იგი აწამეს რომში, ნერონის დროს თავი მოკვეთეს. სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა პავლე და წმინდა პეტრე მოციქულების ხსენების დღეს აღნიშნავს ქრისტეშობის წინა დღესასწაულების დროს.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են