- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-26
დიდი მარხვის მეორე კვირა დღეს ეწოდება განდევნის დღე. დღის საიდუმლოსა და სახელწოდების შესახებ ბიბლიაშია ნათქვამი: „და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა განცხრომის სამოთხიდან მიწის დასამუშავებლად, რომლიდანაც იყო აღებული. და განდევნა ადამი და დაასახლა იგი განცხრომის სამოთხის პირდაპირ, და დაადგინა ქერუბიმი და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი ცხოვრების ხის გზის დასაცავად“. (დაბ. 3:23.24). წინაისტორია ასეთია: ადამიანმა დაუჯერა ეშმაკს, დააგემოვნა აკრძალული ხილი, უთხრა ღმერთმა: „აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა, და ახლა აღარასოდეს გაიწოდოს ხელი და არ აიღოს ცხოვრების ხიდან და არ შეჭამოს, და არ იცოცხლოს საუკუნოდ“. (დაბ. 3:19).
სასულიერო მამებს ისე გონივრულად აქვთ დალაგებული დიდი მარხვის კვირა დღეები და ისეთი სახელწოდებები აქვთ მინიჭებული, რომლითაც ცხადი ხდება კაცობრიობის განვლილი ცხოვრების გზა - შობა, ცოდვა, მონანიება. ეს თავისთავად ადამიანს ერთხელ კიდევ აძლევს ფიქრის საბაბს, რომ ვიფიქროთ მარხვის პერიოდის შედეგიანად გატარებაზე.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-25
წმინდა თეოდორე მხედართმთავარი ქრისტიანთა საერთო წმინდანია, რომლის ხსენების დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს დიდმარხვის პირველ შაბათ დღეს. ისტორიკოსების ცნობებით, იგი დაიბადა ამასიის სოფელ საროში და ჰყავდა ღრმად მორწმუნე ქრისტიანი მშობლები. მე-4 საუკუნის დასაწყისში, დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების დევნის პერიოდში, მას მოსთხოვეს ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ჯარის სარდალმა წმინდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმინდანმა „ღმერთების დედის“ - სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო. გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ. იგი ცეცხლზე დაწვეს 306 წელს. წმინდა თეოდორე მხედართმთავარი ცნობილია, როგორც დრაკონის მკვლელი, რომელმაც სიმამაცითა და რწმენით დაამარცხა გიგანტური დრაკონი. უცხო ეკლესიებში ცნობილია სახელად „დირონ“, რაც ბერძნულად ნიშნავს ახალწვეულ ჯარისკაცს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-20
დიდი მარხვის პერიოდში იღებენ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის საკვებს. მარხვის დროს უარს ამბობენ არა მხოლოდ გარკვეულ საკვებზე, არამედ „მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება“.
მაგრამ მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას როდი ნიშნავს, ჭეშმარიტი მარხვა ბოროტისაგან განშორებაა, რადგან შეიძლება ხორცი არ სჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო, ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გინება ვერ დათმო, საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან, მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნიც უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51,2), რადგან გულისწყრომაც, რომელიც გონებას ახშობს და უადგილოდ აღძრული შიშიც, სიმთვრალედ იწოდება. ცუდია ვნებებით თრობა, მაგრამ არც ღვინით დათრობა გვმართებს. სიმთვრალით ისევე ვერ შეინახავ მარხვას, როგორც ანგარებით ვერ მისწვდები სიმართლეს, შეგინებით – სიწმიდეს და უკეთურებით - სათნოებას. მონაც კი გაურბის ბატონს, რომელიც ურტყამს, ჩვენ კი ვერ განვშორებივართ ღვინოს, რომელიც თავში გვირტყამს და ეს მაშინ, როცა ჩვენში ის უნდა მივიღოთ, რომელმაც თქვა: მე და მამაჲ მოვიდეთ და სავანე მის თანა ვყოთ (იოანე 14,23). სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. „ქადაგება მთაზე“-ში მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად“ (მათე 6, 17-18).
ნუ განუდგები, საყვარელო, მარხვას, რამეთუ იგია დედა სათნოებათა, საფუძველი სიკეთისა, წყაროა უბიწოებისა და მცველია ღვთისმოსაობისა. იგია გამომზირალი წმინდათა, თანამყოფია ანგელოზთა, წინამებრძოლი ბოროტი ძალისა, მეგობარი წმინდა სულისა; მის გამო გვშორდებიან ვნებანი და გვცილდებიან ეშმაკეულნი, მისი მიზეზით ცხრება მრისხანება, ითრგუნება ავხორცი გულისთქმა, ცოცხლდებიან და ბრწყინდებიან ჩვენში სათნოებანი; მისი წყალობით მშვიდდებიან ვნებანი და ყუჩდება გულისთქმათა ამბოხი; გონება თითქოსდა წყნარ ზღვაში ექცევა, იგი წარმატებით ებრძვის უკეთურ საქმეთა ქარიშხლის მღელვარებას და ხომალდი სათნოებათა ნავთსაყუდელში მიჰყავს. მარხვა მოგაგებს უხრწნელ გასამრჯელოს, მის საზღაურს ვერაფერი გაანადგურებს, თუკი სულიწმიდის მცნებებს აღასრულებ, თუკი ღვთის შიშში განმტკიცებული უარჰყოფ წუთიერს და მიჰყვები წმინდა წერილი სიტყვებს: „ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღაჲრა არს სოფლისა ამისი“ (1 იოანე 2, 15).
იესომ იმარხულა ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად, კაცობრიობის მაგივრად მან მოინანია, რომ ყველას მარხვამ აზრი შეიძინოს და რეალობად იქცეს მისი მარხვის წყალობით. ორმოცდღიან მარხვას მოჰყვება მარხვის კიდევ ერთი ერთკვირიანი პერიოდი - ვნების კვირა. ესაა მიზეზი, რომ 40-დღიანად წოდებული მარხვა გრძელდება 48 დღე. დიდ მარხვას აქვს შვიდი კვირა დღე, შვიდი ყურადსაღები დღე - ძირითადი ბარეკენდანი, განდევნის, უძღები შვილისა, უსამართლო მნესი, მსაჯულის, მეორედ მოსვლის, ბზობის. ტრადიციის თანახმად, დიდი მარხვის განზოგების (გაშუალედების) - მიჯინქის, დღეს სამარხვო ქადას ამზადებენ, რომელშიც მონეტას ათავსებენ. ვისაც წილად ხვდება ეს მონეტა, მისთვის წარმატება მოაქვს. დიდი მარხვის პერიოდში აკრძალულია ჯვრისწერები და მსხვერპლშეწირვები. მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ვაზგენ პირველმა ჯვრისწერის ნება დართო დიდი მარხვის შაბათ და კვირა დღეებში, გარდა ვნების კვირის შაბათისა.
დიდი მარხვის მომდევნო კვირას ვნების კვირა ეწოდება და მოიცავს იესოს ტრიუმფალურ შესვლას იერუსალიმში (ბზობა), საიდუმლო სერობას, ღალატს, ვნებას, ჯვარცმას, სიკვდილს, დაკრძალვას და ბრწყინვალე აღდგომას.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-19
ჩვეულებრივ ბარეკენდანი ეწოდება ერთკვირიანი მარხვებისა და დიდი მარხვის წინა დღეებს. ბარეკენდანზე ნებადართულია ზომიერი სიამოვნებები, ქეიფები, თამაშები და სხვადასხვა კერძები, ელიასადმი მიმართული ანგელოზის სიტყვის დასკვნად, "ადექ, ჭამე, იმიტომ, რომ დიდი გზა გვაქვს გასავლელი" (გ, მეფობა 19:7). „ბარეკენდანი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს "ცოცხლად ყოფნას, კეთილ ცხოვრებას" .
დიდი მარხვის ბარეკენდანს ეწოდება ძირითადი ბარეკენდანი, ვინაიდან იგი წინ უსწრებს ყველაზე გრძელ მარხვას. ბარეკენდანი ადამიაინის ბედნიერების ხსოვნაა, რომელსაც სამოთხეში განიცდიდნენ ადამი და ევა. ის არის ედემური ცხოვრების მაგალითი, სადაც ადამიანი პრივილიგებური იყო, უფლება ჰქონდა მიერთვა ყველა ნაყოფი, გარდა სიკეთისა და ბოროტების - ცოდვის ხის ნაყოფისა, რომელიც მარხვის სიმბოლოა. ბარეკენდანი სათნოების გამოხატულებაა. ამ დღეს ადამიანი გლოვიდან გადადის სიხარულზე, წვალებიდან სიმშვიდეზე. ამ გააზრებით ყოველი ქრისტიანი თავმდაბლობით, მონანიებით, მარხვითა და შეწყალების მიღების იმედით იწყებს 40-დღიანი მარხვის გზას, რომელიც გრძელდება 48 დღე - ბუნ ბარეკენდანიდან აღდგომის დღესასწაულამდე.
დიდი მარხვის პერიოდში იღებენ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის საკვებს. მარხვის დროს უარს ამბობენ არა მხოლოდ გარკვეულ საკვებზე, არამედ „მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება“.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-18
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მსოფლიო ეკლესიის წინაშე იდგა დოგმატური, ადმინისტრაციულ- ორგანიზაციული პრობლემები, ამგვარ საკითხებზე პასუხის გაცემა ხდებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებების დროს. ერთ-ერთი ასეთი კრება იყო 381 წელს იმპერატორ თეოდოსის ბრძანებით მოწვეული კონსტანტინეპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრება.
არიანული დავის შედეგად გაჩნდა ახალი ერესი, რომლის დამცველი და ხელმძღვანელი იყო კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი მაკედონი, რომელიც უარყოფდა სულიწმინდის ღვთაებრივ ბუნებას. ამ საკითხზე მოწვეული ზემოაღნიშნული მსოფლიო საეკლესიო კრება, სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, ამტკიცებს მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლოს, ხელახლა ამტკიცებს ნიკეის კრებაზე მიღებულ ქრისტიანობის ძირითად დოქტრინებს. კრებამ დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით, სულიწმინდა არის ცხოველმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად თაყვანსაცემი და სადიდებელია. სომეხთა ეკლესია აღიარებს რა აღნიშნულ მსოფლიო კრებას, აღნიშნავს კრების მონაწილე 150 წმინდა პატრიარქის ხსენების დღეს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-16
ქრისტიანობის მიღების შემდეგ სომხური ეკლესია ჩართული იყო სამშობლოს თავდაცვის საქმეში. ამის ნათელი მაგალითია ავარაირის ბრძოლა. სომხურმა ეკლესიამ კათალიკოს ჰოვსეფის და ღევონდ ერეცის ხელმძღვანელობით, სომეხ ჯარისკაცებთან ერთად, 451 წლის 26 მაისს მონაწილეობა მიიღო ავარაირის ბრძოლაში. სამშობლოს, სომხური ეკლესიისა და ქრისტიანობის დასაცავად ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა მხედართმთავარი ვარდან მამიკონიანი (წმინდა შუშანიკის მამა) და მისი 1036 თანამებრძოლი - სომხური სამოციქულო ეკლესიის დიდი წმინდანები. ბრძოლის წინ სასულიერო პირები არა მარტო ამხნევებდნენ ჯარისკაცებს, არამედ ნათლავდნენ მათ და მათში აძლიერებდნენ რწმენასა და სულისკვეთებას. ამის შესახებ გვიამბობს მეხუთე საუკუნის მემატიანე ეღიშე. ავარაირის ბრძოლა იყო ნათელი დადასტურება იმისა, რომ სომხებს ქრისტიანული სამშობლოს იდეაზე უარს ვერაფერი ათქმევინებდა.
წმინდა ვარდანანცის ხსენების დღეს საკათედრო წმინდა ეჯმიაწინსა და ყველა სომხურ ეკლესიაში აღევლინება საღმრთო ლიტურგია.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-13
გადმოცემის თანახმად, ეს დღე ყველა მღვდლის დღესასწაულად ითვლება. ღევონდიანი მღვდლები ავარაირის ბრძოლაში წმინდანად ქცეული მამულიშვილები არიან. ისინი წინ მიუძღვებოდნენ სომხურ ჯარს და მგზნებარე სიტყვებით მიმართავდნენ, ამხნევებდნენ და ძალას მატებდნენ სპარსეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლ სომეხ ჯარისკაცებს ქრისტეს ეკლესიისა და სომხური იდენტობისათვის ბრძოლაში. მათ შორის უფროსი იყო ღევონდ ერეცი, მასთან ერთად სომეხი ისტორიკოსები მოიხსენიებენ ჰოვსეფ კათოლიკოსის, რშტუნის ეპისკოპოს საჰაკს, ბასენის ეპისკოპოს ტატიკს, მუშე ან მუშეღ მღვდლისა და სხვათა სახელებს. ამ ბრძოლის შემდეგ სპარსეთის მეფე იეზდიგერდი სასტიკად გაუსწორდა სომეხ მამაც მღვდლებს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია ღევონდიან მღვდელთა ხსოვნას აღნიშნავს ბუნ ბარეკენდანის (ყველიერის) მომდევნო სამშაბათს.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-09
ხალხური ლეგენდის თანახმად, ვოსკიანები ეწოდება რომის იმპერატორის მიერ მეფე სანატრუკთან გამოგზავნილ ხუთ ელჩს, რომლებიც პირველი საუკუნის შუა ხანებში ჩამოვიდნენ სომხეთში, შეხვდნენ წმინდა თადეოზ მოციქულს, მისი ქადაგებების წყალობით მოინათლნენ და გახდნენ ქრისტიანები. მთავარი მათგანი - ხრუსი (სომხურად ვოსკი - ოქრო, აქედანაც ვოსკიანები) ხელდასხმულ იქნა მღვდლად. წმინდა თადეოზ მოციქულის წამების შემდეგ, ვოსკიანები განცალკევდნენ სომხეთის პროვინცია წაღკოტნის წაღკავეტის მთებში და 40 წელი განდეგილის ცხოვრებით იცხოვრეს. ხელმძღვანელობდნენ რა ღვთის მცნებებით, ისინი მივიდნენ სომხეთის სამეფო კარზე, ქრისტიანობა უქადაგეს სომეხთა მეფე არტაშესსა და დედოფალ სათენიკს. სამეფო კარიდან ვოსკიანებს გაჰყვნენ მხოლოდ დედოფალ სათენიკის ნათესავები - ალანიიდან დედოფალთან ერთად სომხეთში ჩამოსული სამეფო კარის 18 მოხელე, რომლებიც მოინათლენ მდინარე ევფრატში და მთებში გაიხიზნენ. დედოფალ სათენიკის ნათესავებს, რომლებიც ვოსკიანებს გაჰყვნენ, მათი მთავრის - სუქიასის სახელის გამო, ეწოდათ სუქიასიანები. მეფის ვაჟებმა ვერ შეძლეს რა სამეფო კარის მსახურთა დარწმუნება, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, ამიტომ სასტიკად გაუსწორდნენ მათ მქადაგებლებს. ვოსკიანები სომეხთა ეკლესიის პირველი მოწამეები და განდეგილები არიან. საეკლესიო კალენდრით, მათი ხსოვნის დღე აღინიშნება „არაჯავორაც“ მარხვის მომდევნო ხუთშაბათს ან სუქიასიანების ხსოვნის დღესთან ერთად.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-06
წმინდა ატომიანების თავდადება ყოველი ქრისტიანისთვის საუკეთესო მაგალითია. მათ უფლის დახმარებით და შემწეობით ცხოვრების ყველა სირთულე გადალახეს. სომეხი მხედართმთავრები - ატომ გნუნი და მანაჭიჰრ რშტუნი თავიანთი რაზმებით მსახურობდნენ სპარსეთის სამეფო კარზე კერპთაყვანისმცემელ იეზდიგერდის მეფობის დროს. მოგვმთავრების წაქეზებით იეზდიგერდი იწყებს ქრისტიანთა დევნას სპარსეთში ქრისტიანობის აღმოსაფხვრელად. ატომიანთა ქრისტიანი მეთაურები ბრძანებას იღებენ იეზდიგერდისაგან, რომ თავიანთი სამხედრო რაზმებით გამოცხადდნენ სამეფო კარზე, რათა მათ მოსთხოვოს სარწმუნოების შეცვლა. სომეხი მხედართმთავრები თავიდაპირველად დაემორჩილნენ მეფეს, მაგრამ, იცოდნენ რა მეფის მომზადებული ხაფანგის შესახებ, სამშობლოში დაბრუნდნენ და თავი შეაფარეს ანძევაციაც პროვინციას. წმინდა ატომ გნუნის ნეტარმა ჯარისკაცებმა შეიტყვეს, რომ მათ მისდევდათ სპარსელების მრავალრიცხოვანი ჯარი, გამხნევებულები იყვნენ რა მთებში მცხოვრები განდეგილის წინასწარმეტყველებითა და ატომის ღამის ხილვით, გადაწყვიტეს სიცოცხლის მოწამებრივად აღსრულება. ჯარისკაცები ლოცულობდნენ და საგალობლებს მღეროდნენ, სპარსელები კი მიუახლოვდნენ, ალყაში მოაქციეს და მუსრი გაავლეს მათ. წმინდა მანრიჭმა კი, თანმხლებ პირებთან ერთად, მიაღწია რშტუნიქამდე და 449 წელს მოწამებრივად აღესრულა.
- მიმდინარე წელს აღინიშნება::
2023-02-04
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის კურთხევით, სურბ სარგის მხედართმთავრის დღე გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ. სურბ სარგის მხედართმთავარი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია. მის ვაჟთან - მარტიროსთან და 14 ჯარისკაცთან ერთად იგი აწამეს ქრისტიანული რწმენისათვის. სიმამაცისათვის სურბ სარგისი იმპერატორ კონსტანტინე დიდის (285-337) მიერ დაინიშნა მთავრად და მხედართმთავრად. იგი არა მარტო შესანიშნავი მეთაური იყო, არამედ დიდი მქადაგებელი. იგი სარგებლობდა იმპერატორის კეთილგანწყობით და მის მფლობელობაში მყოფ ქალაქებში ანადგურებდა წარმართულ ტაძრებს, აშენებდა ქრისტიანულ ეკლესიებს და ავრცელებდა ქრისტიანობას. როდესაც იულიანე განდგომილის (360-363) მეფობის დროს დაიწყო ქრისტეს ეკლესიის დევნა, ღვთიური გამოცხადებით სურბ სარგისმა მიიღო ბრძანება, დაეტოვებინა იმპერიის საზღვრები. იგი თავის ვაჟთან მარტიროსთან ერთად ქრისტიანულ სომხეთში გადავიდა, სადაც მეფობდა ტირანი - ტრდატ მეფის შვილიშვილი - ხოსროვის ვაჟი.
სომეხთა მეფემ შეიტყო, რომ იულიანე დიდი ლაშქრით სპარსეთისკენ დაიძრა, თავის ქვეყანაზე თავდასხმის საფრთხის ასაცილებლად, სარგისს შაპუჰთან სამსახურში შესვლისკენ მოუწოდა. შაპუჰმა სიამოვნებით მიიღო სურბ სარგისი და იგი დანიშნა სამხედრო გაერთიანებული რაზმების მეთაურად. მხედართა უმეტესობამ, ხედავდა რა, რომ ბრწყინვალე სამხედრო ლიდერი როგორი ერთგული იყო ღვთისა, რომ უფალი მისი ლოცვით სასწაულებს ახდენდა, უარყო კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული სარწმუნოება აღიარა.
შაპუჰი კი სურბ სარგისისაგან ცეცხლის თაყვანისცემას და კერპებისთვის მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა. მხედართმთავარმა უარი განაცხადა და თქვა, რომ თაყვანს სცემს მხოლოდ ერთ ღმერთს და წმიდა სამებას, რომელმაც შექმნა ცა, დედამიწა და ცეცხლი, ხოლო კერპები არ არიან ღმერთები, მიწიერ ადამიანს მათი განადგურება შეუძლია. ამ სიტყვების შემდეგ სურბ სარგისმა გაანადგურა ბაგინი. გაბრაზებული ბრბო თავს დაესხა სარგისსა და მის ვაჟს. მისმა ვაჟმა - წმინდა მარტიროსმა მოწამებრივი გვირგვინი მიიღო. სურბ სარგისი ციხეში ჩასვეს, იგი ურყევი დარჩა რწმენაში, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს. სიკვდილის შემდეგ მის სხეულს ნათელი სხივი დაადგა. მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე სურბ სარგისის 14-მა ერთგულმა ჯარისკაცმაც. მორწმუნეებმა მათი სხეულები მიწას მიაბარეს ქალაქ ამიანში. სურბ სარგისი სომეხი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია. შემთხვევითი არ არის, რომ მოძღვარმა წმინდა მესროპ მაშტოცმა მისი წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანა კარბიში (აშტარაკის რაიონი) და ამ ადგილას ნეტარის სახელზე ეკლესია ააშენა.