Материалы

ივლისი

წმიდა ათინოგენი ეპისკოპოსისა და მისი ათი მოწაფის წამების ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-25

წმინდა ათინოგენი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ  სებასტიაში, ქრისტიანი მშობლების ოჯახში.   "წმინდანთა ისტორია“ გვიყვება, რომ იგი ლოცვითა და სკიპტრით  ამარცხებს ვეშაპს, რომელიც ავიწროებს ქალაქის მოსახლეობას, სებასტიის მიტროპოლიტის მიერ ინიშნება მცირე ჰაიქის ქალაქ პიტაკტოს ეპისკოპოსად. ის  თავის    10 მოწაფესთან ერთად უარს აცხადებს  კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის გამოც თავს კვეთენ. წმინდა გრიგოლ განმანათლებელი, რომელიც მეფე ტრდატთან სამსახურის დაწყებამდე დაქორწინებული იყო ათინოგენის დასთან - მარიამთან, კესარიიდან დაბრუნებისას მისი წმინდა ნაწილები, წმინდა ჰოვანეს მკრტიჩის ნაწილებთან ერთად სომხეთში ჩამოაქვს და ასვენებს ტარონის პროვინციის გლაკას მონასტერში.   სომხური სამოციქულო ეკლესია წმინდა ათინოგენი ეპისკოპოსის ხსოვნის დღეს სამჯერ აღნიშნავს.

წმიდა თადეოზ მოციქულისა და წმინდა სანდუხტ ქალწულის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-22

წმინდა თადეოზ მოციქული   და წმინდა სანდუხტ ქალწული სომეხთა ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი წმიდანთაგანნი არიან, ვინაიდან  მათ  სახელს უკავშირდება სომეხთა განათლების ამბავი. ნეტარმა თადეოზმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა.  ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი ავგაროზი, ხალხი და ქურუმები.   მრავალ სასწაულთან ერთად, მან განკურნა   ავგაროზი, შემდეგ კი ედესაში დანიშნა თავისი შემცვლელი, და გაემართა მეფე სანატრუკის სამფლობელოებში. აქ ქრისტიანობაზე მოაქცია   ადგილობრივები და დააფუძნა სომხური წმინდა  სამოციქულო ეკლესია. არტაზის პროვინციაში რომ მივიდა, მოციქული შევიდა მეფის კარზე და მოაქცია მეფის ასული ქალწული სანდუხტი. ეს რომ  მეფე სანატრუკმა შეიტყო, ციხეში ჩასვა  თადეოზ მოციქულიც და ქალწული სანდუხტიც და სასტიკად აწამა ისინი. მოციქულმა თადეოზმა და ქალწულმა სანტუხტმა მოწამებრივად დაასრულეს სიცოცხლე სამეფო  აგარაკზე - დაბა შავარშავანში.   სომეხთა ეკლესია წმინდა თადეოზ მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს ორჯერ: ერთხელ წმიდა ბართლომე მოციქულთან, ხოლო მეორედ წმინდა ქალწულ სანდუხტთან ერთად.

ესაია წინასწარმეტყველის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-20

წმინდა ესაია წინასწარმეტყველი  ძველი აღთქმის ოთხ დიდ    წინასწარმეტყველთაგან პირველია. ესაია  წინასწარმეტყველი დაიბადა და მთელი ცხოვრება გაატარა  იერუსალიმში, იწინასწარმეტყველა  მე -8 საუკუნის შუა ხანებში.  წინასწარმეტყველ  ესაიას უდიდებულესობით და ავტორიტეტით დაწერილი მცნება აქვს - ღვთის, სამართლიანობის,  ცოდვის, რელიგიის და სხვადასხვა საკითხების შესახებ. ჰქონდა  მოქნილი გონება, იყო იერუსალიმის   ოთხ მეფეთა წინამძღვარი.  განუმეორებელი  სტილითა და სულისკვეთებით დაწერილი მისი წიგნი   ძველი და ახალი აღთქმების დამაკავშირებელი რგოლია.   წმინდა  ესაიას უწოდებენ ევანგელურ წინასწარმეტყველს,   მესიის, ანუ  ქრისტეს შესახებ  ყველაზე მეტის წინასწარმეტყველების გამო. მან თავი წარადგინა როგორც  მსახური, უფლისგან გამოგზავნილი, "ღარიბების ქადაგების,   გულით ავადმყოფების განსაკურნად“. შემდგომში ამ  მისიაში უნდა ეხილა იესო ქრისტეს ის პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც მოევლინა იგი ამ   სამყაროს (ლუკა 4:16-21) .  გადმოცემის თანახმად, კერპთმსახურმა მეფე მანასემ მოისურვა მისი მოკვლა და ბრძანა  დაეჭირათ იგი. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც შუაზე გადახერხეს.

წმინდა კალისტრატეს, 49 მოწამის და ლუკიანე მღვდლის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-03

წმინდა კალისტრატე ქალკედონელი სამხედრო იყო. იგი მსახურობდა იმპერატორ  დიოკლეტიანეს    არმიაში, რომში. იგი დააპატიმრეს ქრისტიანობისათვის და სასტიკად აწამეს. ტომარაში ჩასვეს  და ზღვაში ჩააგდეს, თუმცა იგი   სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ეს რომ დინახა, მისმა 49 მეგობარმაც მიიღო ქრისტიანობა, რისთვისაც ისინი ყველა ზღვაში ჩაყარეს. მოწამეები ამჯერადაც  სასწაულებრივად გადარჩნენ, ბოლოს მათ ყველას თავი მოჰკვეთეს.

ლუკიანე  მღვდელი დაიბადა სამოსატში. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში. მას მიიჩნევენ ანტიოქიის თეოლოგიური სკოლის ხელმძღვანელად. მას მიეწერება ახალი აღთქმის  ბერძნული კორექტირებული თარგმანი, რომელიც დღემდე გამოიყენება. მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ, 313 წელს მოწამებრივად გარდაიცვალა. მღვდელ ლუკიანეს მაღალ შეფასებას აძლევს წმინდა იოანე ოქროპირი.

ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-16

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული  სომხური  სამოციქულო ეკლესიის 5 ძირითად დღესასწაულთაგან ერთია. უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველები იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ   წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

სომხური ეკლესია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს  ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს აღდგომიდან   98 დღის შემდეგ, 28 ივნისიდან 1 აგვისტომდე. სომხურ ეკლესიაში ამ დღესასწაულს უწოდებენ ასევე ვარდავარს. ოდითგანვე დაცულია ვარდავარის დღეს წუწაობის ტრადიცია. ფერისცვალების მომდევნო ორშაბათს მიცვალებულთა ხსოვნის დღეა.

ფერისცვალების მარხვის ბარეკენდანი

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-09

იესო ქრისტეს   ფერისცვალების - ვარდავარის, დღესასწაულამდე ერთკვირიანი მარხვაა. სომეხთა ეკლესიაში მას ეწოდება ვარდავარის მარხვა. მარხვის ბოლო - შაბათ დღეს ხსნილია, ანუ ამ დღეს ნებადართულია თევზისა და   რძის ნაწარმის მიღება.

ქრისტეს12 მოციქულისა და წმინდა პავლე - მე-13 მოციქულის ხსენების დღე.

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-08

იესო ქრისტეს  რჩეული 12 მოციქული ქრისტეს მოწაფეები და   ქრისტეს მოძღვრების პირველი გამავრცელებლები იყვნენ,   მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს მოწმეები -  პეტრე, ანდრია, იაკობი, იოანე, მათე, ბართლომე, ფილიპე და თომა,   თადეოზი, იაკობი (ალფიანი), სიმონ (კანანელი) და იუდა მოციქულები.   ბოლო მათგანი იყო იესოს მოღალატე. მოგვიანებით ის შეცვალა არჩეულმა მატათია მოციქულმა.   მოციქულებმა იესოს მოძღვრება   უქადაგეს  სხვადასხვა ერებს, "მონათლეს ისინი „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა", რითაც გახდნენ ქრისტეს ეკლესიის დამფუძნებლები.

 ქრისტეს მცნებათა უდიდესი მქადაგებელია წმინდა   პავლე მოციქული, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ აღიარა  მე -13 მოციქულად.   მოციქულთა საქმიანობას ეხება   ბიბლიის წიგნი „მოციქულთა საქმენი“.   პავლე მოციქულის ქადაგების, პიროვნებისა და  მოღვაწეობის ამსახველი  დოკუმენტებია წმინდა პავლე მოციქულის   14 წერილი, დამტკიცებული საეკლესიო თემებისა და ინდივიდუალურ  ქრისტიან პირთა მიერ. სომხური სამოციქულო წმიდა  ეკლესია 12 მოციქულთა  და მე -13 მოციქულად აღიარებული პავლეს ხსენებას აღნიშნავს ერთად,   ფერისცვალებამდე, ერთი კვირით ადრე, ფერისცვალების  ყველიერის   წინა შაბათ დღეს.  სომხური   ეკლესიის კალენდარში არის ასევე მოციქულთა ხსენების ცალკე   დღესასწაულები.

ელისე წინასწარმეტყველის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-06

ელისე ნიშნავს „ღმერთი ხსნაა“. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქრისტეშობამდე IX საუკუნეში, იყო წინასწარმეტყველ ელიას მოწაფე და მოქმედებდა მისი სულისკვეთებით.   მოსეს შემდეგ მას მიეწერება   ყველაზე დიდი სასწაულმოქმედებები (სულ 13). მის წინასწარმეტყველებებზე მოგვითხრობს  ძველი   აღთქმის  „სამეფოებიდან“ გ და დ წიგნები. ელისე წინასწარმეტყველი  აგრძელებდა წინასწარმეტყველებას მისი სიკვდილის შემდეგაც კი.   ძველი აღთქმა მოგვითხრობს, ერთი წლის    გარდაცვალების  შემდეგ, წინასწარმეტყველის ძვლების შეხების შედეგად, თუ როგორ აღსდგა მის საფლავში დაკრძალული ადამიანის ცხედარი.  

ზაქარია წინასწარმეტყველის ხსენების დღე

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-04

ზაქარია ნიშნავს „ღმერთს გაახსენდა“. იგი არის ბარაქეს ძე. დაიბადა ისრაელში დარეჰ მეფის მფლობელობის მე-2 წლის მე-8 თვეში (ზაქ. ა1). წმინდა წინასწარმეტყველი ზაქარია ერთ-ერთი ბიბლიის 12 მცირე წინასწარმეტყველთაგანია.  ნეემის წიგნში  მას ეწოდება „სამღვდლო გვარის თავი“, ახალგაზრდობიდან მას წინასწარმეტყველების  მადლი მიენიჭა. მისი წინასწარმეტყველების წლად ითვლება ქრისტეშობამდე 520-518 წწ.  

ზაქარიას წინასწარმეტყველება არის ღირებული არა მხოლოდ მისი ხილვებით, ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნი მოგვითხრობს მაცხოვრის სიცოცხლის ბოლო დღეებზე, უფლის   ტრიუმფალურ  შესვლაზე იერუსალიმში, 30 ვერცხლად მის  გაცემაზე, ჯვარცმის დროს მზის დაბნელებაზე. მან იწინასწარმეტყველა ასევე იესოს ჯვარცმა, და მოსწავლეთა მიერ მისი მიტოვება.  

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყუთის აღმოჩენის დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2023-07-02

გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყუთი   აღმოაჩინა ორმა ბერძენმა მთავარმა,  რომლებიც იერუსალიმში მოსალოცად მიემართებოდნენ და  გალილეიაში ერთ   ებრაელ  ქალთან დაინახეს ყუთი, რომლის ძალით ავადმყოფები განიკურნებოდნენ. მათ ყუთი შეცვალეს ზუსტი ასლით, რომელიც წინასწარ მოამზადებინეს, ორიგინალი კი ჩაიტანეს    კონსტანტინოპოლში და ჩააბარეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს.    პატრიარქმა ყუთი მოათავსა  ყოვლადწმინდა  ღვთისმშობლის ეკლესიაში და დააწესა   ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყუთის აღმოჩენის დღესასწაული. ამ დღესასწაულის აღნიშვნა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დაიწყო  XVIII საუკუნიდან, სიმონ პირველი ერევანცი  კათოლიკოსის განკარგულებით.

წმინდა თარჯიმნების სააკ პართევისა და მესროპ მაშტოცის დღესასწაული

მიმდინარე წელს აღინიშნება:: 2022-07-07

წმინდა კათოლიკოსი სააკ (საჰაკ) პართევი კათოლიკოს  ნერსეს დიდის    შვილი იყო, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის    საგვარეულოს ბოლო წარმომადგენელი, რომელიც   387 წლიდან დაწყებული 52 წელი იყო სომეხთა კათოლიკოსი.   იგი იყო განათლებული და გამოცდილი -  მუსიკალურ,  რიტორიკულ  ხელოვნებებში,  ფილოსოფიასა და ენათმეცნიერებაში, სააკ პართევმა   დიდი სარგებელი მოუტანა სომხური ეროვნული კულტურის  განვითარებას,  იყო სომხური ანბანის შექმნის  აპოლოგეტი, მესროპ მაშტოც ვარდაპეტთან ერთად გახდა  სომხური დამწერლობისა და საეკლესიო ლიტერატურის დამფუძნებელი.

წმინდა   მესროპ მაშტოცი  დაიბადა 360 წელს, ბავშვობიდან სწავლობდა    ბერძნულ და სპარსულ ენებს. თავდაპირველად მეფის კარზე მსახურობდა მდივნად. შემდეგ საერო ცხოვრებაზე უარი თქვა და გახდა სასულიერო პირი.   ქადაგებების დროს მესროპ მაშტოცი გრძნობს სომხური დამწერლობისა და სომხურ ენაზე ბიბლიის თარგმნის აუცილებლობას.  სომხეთში უკვე არსებობდა  სომხური ასო-ნიშნები, რომლებითაც თავის დროზე სარგებლობდნენ სასულიერო პირები. ეს ასო-ნიშნები მეფე ვრამშაპუჰის ბრძანებით მთავარ ვაჰრიჭს მოაქვს სირიელ ეპისკოპოს დანიელისაგან, მაგრამ მესროპი, მოწაფეებისთვის მოკლე დროის განმავლობაში ამ ნიშნების სწავლების შემდეგ, რწმუნდება, რომ ასო-ნიშნები არასრულყოფილია.    

იგი მოწაფეებთან ერთად მიემგზავრება ედესასა და ამიდში,    ღვთაებრივი ძალით ქმნის სომხურ ასოებს და სამოსატში ერთ ბერძენთან, სახელად ჰროფანოსთან ერთად საბოლოო სახეს აძლევს მათ. ასო-ნიშნების გამოგონების შემდეგ წმინდანები სააკი (საჰაკი) და   მესროპი იწყებენ ბიბლიის თარგმნას და ისე სრულყოფილად ასრულებენ ამას, რომ ბიბლიის სომხურ თარგმანს საუკუნეების შემდეგაც ეწოდება „ ბიბლიების თარგმანთა დედოფალი“. ბიბლიიდან სომხურ ენაზე ნათარგმნი  პირველი წინადადება  „არაკების“ წიგნის   პირველი წინანადადებაა:     «Ճանաչել զիմաստությիւն և զխրատ, իմանալ զբանս հանճարոյ». მესროპ მაშტოცი   გარდაიცვალა 440 წელს ვაღარშაპატში და დაკრძალულია სოფელ ოშაკანში.  მის საფლავზე შემდგომში აშენდა ეკლესია „სურბ მესროპ მაშტოც“.  წლის განმავლობაში სომეხთა ეკლესია წმინდა სააკ პართევისა და წმინდა მესროპ მაშტოცის ხსოვნას ორჯერ ზეიმობს.   

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են