თბილისში კათოლიკე (სურბ ) წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული აღინიშნა
2026 წლის 7 ივნისს სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ კათოლიკე წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული აღნიშნა.
დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღევლინა.
თბილისის ავლაბარში მდებარე სურბ ეჯმიაწინის ეკლესია ერთ-ერთია იმ იშვიათ ტაძართაგან, რომელსაც სომეხთა სულიერი ცენტრის – წმინდა ეჯმიაწინის – სახელი ეწოდა. სადღესასწაულო წმინდა ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით აღავლინა ღირსმა მამა კირაკოს სიმონიანმა.
წმინდა ლიტურგიის მსვლელობისას ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა დღის მნიშვნელობაზე, კათოლიკე, ანუ სომეხთა საყოველთაო სარწმუნოების სახლის – წმინდა ეჯმიაწინის ტაძრის – აგების ისტორიაზე, ყოვლისშემძლე ღმერთისა და სომეხთა პირველი პატრიარქის, წმინდა გრიგორ განმანათლებლის მიერ დამკვიდრებული სარწმუნოებისადმი სომეხი ერის ერთგულებაზე, ასევე იმ ეროვნულ-სულიერ ფასეულობებზე, რომელთა დაცვასა და შენარჩუნებასაც სომხური ეკლესია დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინის წინამძღოლობით ემსახურება.
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, მორწმუნე სომეხ შვილებს მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინის გარშემო, ყოვლისშემძლე ღმერთს შესთხოვა მშვიდობა და უსაფრთხოება სომხეთისა და წმინდა ეჯმიაწინისთვის და მოუწოდა, ერთგულნი დარჩენილიყვნენ ქრისტიანული რწმენისა და სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის სულიერი ცენტრის – დედა საყდარ წმინდა ეჯმიაწინის მიმართ.
წმინდა ლიტურგიის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით, კათოლიკოსისათვის სავედრებელი ლოცვა აღევლინა. მორწმუნეებმა და სასულიერო პირებმა ილოცეს წმინდა ეჯმიაწინის სიმტკიცისა და მისი უწმინდესობის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

