საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ამაღლების დღესასწაულის წმინდა და უკვდავი ლიტურგია
2026 წლის 14 მაისს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა ქრისტეს ამაღლების დღესასწაული — აღდგომის შემდეგ ქრისტეს დედამიწაზე 40-დღიანი ყოფნა და ზეცად ამაღლება, აგრეთვე სომეხთა საპატრიარქო ტახტის სისიდან ვაღარშაპატში გადატანის ხსენების დღე.
დღესასწაული აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში აღვლენილი წმინდა და უკვდავი ლიტურგიით, ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის წინამძღოლობით.
ეკლესია მრევლით იყო სავსე. მრავალრიცხოვან დამსწრეთ განსაკუთრებულ სილამაზეს სძენდა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სხვადასხვა ჯგუფის მოსწავლეთა თანდასწრება, რომლებიც ყვავილების გვირგვინებით იყვნენ შემკობილნი.
წმინდა ლიტურგიის მსვლელობისას ლიტურგიის აღმსრულებელმა, ღირსმა მამა სამველ თოროსიანმა, იქადაგა ამაღლების დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ და დამსწრეებს მიულოცა ჩვენი უფლისა და მაცხოვრის — იესო ქრისტეს სასწაულებრივი ამაღლება.
შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით, აღევლინა „საპატრიარქო“ ლოცვა. ცერემონიის დასასრულს მეუფემ ისაუბრა ისტორიის მძიმე ვითარებების გამო კათოლიკოსთა საპატრიარქო ტახტის ხანგრძლივი გადაადგილებების შესახებ და აღნიშნა 1441 წელს საპატრიარქო ტახტის სურბ ეჯმიაწინში საბოლოოდ აღდგენის უმნიშვნელოვანესი როლი სომეხი ერის ისტორიაში.
ეპარქიის წინამძღვარმა ქადაგება დაასრულა მსოფლიო მშვიდობის, სურბ ეჯმიაწინის დედა საყდრის სიმტკიცის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის ხანგრძლივი სიცოცხლის, ასევე სომხეთისა და საქართველოს აყვავებისა და კეთილდღეობის სურვილით.
სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიები აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ეკლესიებში.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

