თბილისში სურბ /წმინდა / სარგისის დღესასწაული მომლოცველთა მსვლელობით დაიწყო
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის-მარტიროსისა და 14 მხედრების ხსენების დღე ყოველთვის დიდი სიხარულითა და სიყვარულით აღინიშნება. დღესასწაული მოძრავია, წელს იგი 31 იანვარს აღინიშნება, თუმცა დღესასწაულის განწყობა უკვე წინადღესვე იყო შესამჩნევი. სურბ სარგისის დღესასწაული ერთ-ერთ გამორჩეულ საეკლესიო დღესასწაულად მიიჩნევა, რომელიც ათიათასობით არა მხოლოდ სომეხ, არამედ სხვა ეროვნების ახალგაზრდებსაც აერთიანებს სომხური ეკლესიის გარშემო. ასე იყო წელსაც.
2026 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ტრადიციად ქცეული მსვლელობის ერთგულად, თბილისის სომეხი ახალგაზრდობა შეიკრიბა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში. სასულიერო პირების კურთხევის მიღების შემდეგ, მომლოცველთა მსვლელობა ღირსეული მღვდლების წინამძღოლობით, კეთილმსახური დიაკვნებისა და მგალობლების თანხლებით, სურბ სარგისის ხატითა და ჯვრებით გაემართა ხარფუხის უბანში მდებარე 1883 წელს აშენებული სურბ სარგისის სამლოცველოსკენ.
მრავალრიცხოვანი მსვლელობა, რომელსაც სხვადასხვა ასაკის მორწმუნეები შეუერთდნენ, შეჩერდა ნანგრევებად ქცეული შამხორეცთა წითელი სახარების ეკლესიის ნანგრევებთან და ლოცვით შესთხოვა ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობა.
სურბ სარგისის სამლოცველოში მისვლისთანავე, მსვლელობის მონაწილეებმა აღთქმის შესრულების თხოვნით სანთლები აანთეს და ლოცვა აღავლინეს წმინდა სამლოცველოში. აღთქმის შესრულების შემდეგ, მომლოცველები მივიდნენ სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში და შეუერთდნენ იქ შეკრებილ ასობით მორწმუნეს, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდები იყვნენ.
ხალხმრავალ ეკლესიაში გაიმართა წინადღესასწაულო საღამოს მსახურება, რომლის დასასრულს სასულიერო მამებმა ისაუბრეს დღის მნიშვნელობაზე, სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი შვილისა და ქრისტიანობისთვის თანამებრძოლების მოწამეობრივ აღსასრულზე.
სურბ სარგისი ასევე სიყვარულის მფარველია. ხალხის სულიერი ჩვეულების ერთგულად, დღესასწაულს ასევე თან ახლავს ხალხური ტრადიციებიც - მარილიანი კვერით. წინადღესასწაულო ცერემონიის დასასრულს ახალგაზრდებმა მიიღეს მარილიანი კვერები, რომლებსაც ისინი სიზმარში საქმროს ან პატარძლის გამოჩენას უკავშირებენ.
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით, სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაული გამოცხადებულია ახალგაზრდობის კურთხევის დღედ. დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 31 იანვარს, 11:00 საათზე, სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში აღესრულება სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის, მარტიროსისა და 14 მხედართა ხსოვნასადმი მიძღვნილი საზეიმო წმინდა და უკვდავი ლიტურგია, რომლის დასასრულს შესრულდება ახალგაზრდების კურთხევის წესი.
Հայերեն
ქართული
English
Русский 



