საკათოლიკოსო სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული აღინიშნა თბილისში

2025 წლის 22 ივნისს, სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ საკათალიკოსო სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომხური ეპარქიის ეკლესიებში წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღევლინა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიაში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, წმინდა ლიტურგია აღავლინა ღირსი მამა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა, ხოლო ავლაბარის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღავლინა ღირსი მამა სამველ თოროსიანმა.
წმინდა ლიტურგიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს მიულოცა ყველა სომეხის სასულიერო ცენტრის დაარსების დღე და სურვილი გამოთქვა, რომ მიეღოთ სურბ ეჯმიაწინის კურთხევა. მისმა უწმინდესობამ გაიხსენა სომხეთის დიდი პატრიარქის, გრიგორ ლუსავორიჩის ხილვა და წმინდა ეჯმიაწინის საკათოლიკოსოს მშენებლობის ისტორია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მორწმუნე სომეხი ხალხი მომლოცველობის გზით სამშობლოდან და დიასპორიდან მიემგზავრება ეჯმიაწინის სულიერი სინათლის მისაღებად, რადგან ეჯმიაწინის ტაძარი ყველა სომეხის სულიერი რწმენის დასტურია.
დღე ორმაგად სადღესასწაულო იყო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიისთვის. საქართველოს სომხებმა, რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულითა და რწმენით იყვნენ განწყობილნი სურბ ეჯმიაწინის საკათედრო ტაძრის მიმართ, 1805 წელს ააშენეს ამავე სახელწოდების ეკლესია თბილისის ავლაბრის უბანში. სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიის დროს, მღვდელმა, ღირსმა მამა სამველ თოროსიანმა, ქადაგებისას მიულოცა მორწმუნეებს სურბ ეჯმიაწინის საკათედრო ტაძრის მშენებლობის დღესასწაული თბილისის ავლაბრის უბანში ეჯმიაწინის ეკლესიის დაარსებიდან 220 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს სომეხ მორწმუნეებს.
წმ. ლიტურგიის დასასრულს, თბილისელი ღირსეული სომხების მხარდაჭერით, წმ.ეჯმიაწინის ეკლესიის ეზოში შეწირება-ნადიმი მოეწყო, ხოლო ავლაბრის უბანში დღესასწაულის პატივსაცემად გვიან საღამომდე ისმოდა სომხური ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ჰანგები.