თბილისში მთარგმნელთა დღესასწაული წმინდა ლიტურგიითა და მშობლიური ენის ცოდნის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემით აღინიშნა
2026 წლის 25 ივნისს, თბილისში, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიით აღინიშნა მთარგმნელთა დღესასწაული — წმინდა საჰაკ პართევისა და წმინდა მესროპ მაშტოცის ხსენების დღე.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის წინამძღოლობით აღვლენილი წმინდა ლიტურგია აღასრულა ღირსმა მამა კირაკოს სიმონიანმა.
წმინდა ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის (დირექტორი — ევგენია მარკოსიანი) სომხური ენის სწავლების „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის სკოლის (მასწავლებელი — თამარა გაბოიანი) და „სურბ ელია მარგარე“ კვირის სკოლის (მასწავლებელი — როზა ზოჰრაბიანი) მიმდინარე სასწავლო წლის კურსდამთავრებულები.
წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს მთარგმნელთა დღესასწაული მიულოცა. დიასპორაში სომხური ენის შენარჩუნებისა და ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის ამ მნიშვნელოვან და ერისთვის სასარგებლო საქმეზე საუბრისას, მეუფემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხური ენის სწავლების ორწლიანი სკოლების საქმიანობას, რომლებიც სხვადასხვა ასაკის იმ სომეხ შვილებს, რომელთაც სომხურ ენასთან კავშირი დაკარგული აქვთ, შესაძლებლობას აძლევს შეისწავლონ თავისი სრულყოფილებით გამორჩეული სომხური ანბანი, ოქროსმეტყველი სომხური ენა და დაუბრუნდნენ საკუთარ ფესვებს.
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა, სომხური ენით ცხოვრების და სომხურ ეკლესიასთან ერთგულების შენარჩუნების მოწოდებით, სკოლის კურსდამთავრებულებს გადასცა სასწავლებლის დასრულების მოწმობები და ილუსტრირებული საბავშვო ბიბლიები.
მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობისა და მათ მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის მადლიერების სიტყვით გამოვიდნენ კურსდამთავრებულები, რომლებმაც ასევე ლექსების მხატვრული კითხვაც წარმოადგინეს.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

