ბზობის დღესასწაული თბილისის სომხურ ეკლესიებში
2026 წლის 29 მარტს, აღდგომის წინა კვირას, სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა ბზობა, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ქრისტეს იერუსალიმში გამარჯვებით შესვლას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულა წმინდა და უკვდავი ლიტურგია.
ბზობის წინა დღეს, შაბათს, ეკლესიებში ჩატარდა წინასადღესასწაულო მსახურება. გაიხსნა ეკლესიების ფარდები.
დილიდანვე ხალხმრავალი იყო თბილისის საკათედრო სურბ გევორგის და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიების ეზოები და მათი შემოგარენი. მორწმუნეები მხიარული განწყობით მოდიოდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ უფალ იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის სიხარულში.
მორწმუნეებით სავსე სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით, წმინდა და უკვდავი ლიტურგია აღასრულა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა.
ლიტურგიის მიმდინარეობისას მღვდელმა შესაფერისი ქადაგებით ისაუბრა ბზობის მნიშვნელობასა და მის სულიერ გზავნილზე - ბოროტების დამარცხებასა და სიკეთისა და სიყვარულის გამარჯვებაზე.
ბზობის დღესასწაული წლების წინ სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა გარეგინ II-მ გამოაცხადა ბავშვთა კურთხევის დღედ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, სასულიერო პირთა და მგალობელთა მონაწილეობით, აღესრულა ბავშვთა კურთხევის წესი.
კირაკოს ეპისკოპოსმა, კურთხევის გადაცემისას, ისაუბრა იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე. მან გაიხსენა ქრისტეს მიერ გადატანილი ტანჯვები და მოუწოდა მორწმუნეებს, განეგრძოთ ცხოვრება ბზობის დღის სადღესასწაულო განწყობით — სიყვარულით, რწმენითა და სითბოთი, დაეძლიათ შიში და ეცხოვრათ ქრისტეში, რადგან ჩვენი მაცხოვარი ყველგან არის ჩვენს სულებში თავისი სიყვარულითა და ძალით.
დღის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ნაკადი სომხურ ეკლესიებში. სასულიერო პირები აკურთხებდნენ მორწმუნეთა ხელში არსებულ ტირიფის ტოტებს, რადგან ტოტები და რტოები აღნიშნავს დღესასწაულის განსაკუთრებულ საზეიმო ხასიათს.
Հայերեն
ქართული
English
Русский 


