საქართველოს სომეხთა ეპარქიამ შობისა და ნათლისღების დღესასწაული აღნიშნა
6 იანვარს სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს, რომელიც იესოს დაბადებისა და ნათლობის ხსენებაა. ღმერთი განკაცდა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღინიშნა პირველი მთავარი დღესასწაული წმინდა და უკვდავი ლიტურგიით. დილიდან მორწმუნეები, ოჯახებთან ერთად, მაღალი სადღესასწაულო განწყობით მიდიოდნენ სომხურ ეკლესიაში, რათა დასწრებოდნენ საღვთო ლიტურგიას.
შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თაოსნობით, სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მამა კირაკოს სიმონიანმა, ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საღვთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა.
საღვთო ლიტურგიის დროს ეკლესიებში წაიკითხეს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის მიმართვა შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით და გავრცელდა ჩვილი იესოს დაბადებისა და ნათლისღების სასიხარულო ამბავი.
სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიაში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით და სასულიერო მამების მონაწილეობით, შესრულდა წყლის კურთხევის ცერემონია. სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ტრადიციის თანახმად, სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიის ჯვრის ნათლია კვლავ ეკლესიის მოყვარული და ღირსეული სომეხი არკადი ჰოვაკიმიანი გახდა, ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიის ჯვრის ნათლიის პატივი ეკლესიის მოყვარულ ხაჩატურ ტერ-ბალიანს ხვდა წილად.
შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის სურბ ფრკიჩ (მაცხოვრის), ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ (წმინდა გრიგოლ განმანათლებლის), ახალქალაქის სურბ ხაჩ (წმინდა ჯვრის), ნინოწმინდის სურბ სარგის (წმინდა სარგისის) ეკლესიებში და მიმდებარე სოფლებში აღევლინა სადღესასწაულო წმინდა და უკვდავი ლიტურგიები და შესრულდა წყლის კურთხევის ცერემონია.
ქრისტე იშვა და გამოეცხადა.
კურთხეულია ქრისტეს ხარება,
დიდი სასიხარულო ამბავია თქვენთვის და ჩვენთვის.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

