მარნეულის რაიონის წითელსოფელმა 120 წლის იუბილე აღნიშნა

2025 წლის 18 ოქტომბერი სადღესასწაულო დღე იყო მარნეულის რაიონის სომხებით დასახლებული წითელსოფლისთვის. ადგილობრივმა მოსახლეობამ, მოზარდ-მოხუცითა და დიდიან-პატარიანად, დიდი ენთუზიაზმით, აღნიშნა სოფლის დაარსების 120 წლის იუბილე. ზეიმს ესწრებოდნენ მარნეულის რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, წითელსოფლის მკვიდრნი, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ, სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სომხეთის რესპუბლიკიდან, რუსეთის ფედერაციიდან და სხვა უცხო ქვეყნებიდან.
წითელსოფლის დაარსების საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით.
საიუბილეო ღონისძიებაზე გახსნით სიტყვაში, წითელსოფლის სკოლის ყოფილმა დირექტორმა, ვარდან საიადიანმა, სოფლის ისტორია გაიხსენა, გაიხსენა სოფლის გმირი შვილები და სოფლის მოსახლეობას დიდებული წლისთავი მიულოცა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა დამსწრეებს კურთხევითა და მილოცვით მიმართა. უწმინდესმა მამამ დამსწრეებს უსურვა, რომ კვლავაც შეინარჩუნონ დასახლების ღირსება, იცხოვრონ ერისა და რწმენისადმი ერთგულების გზავნილით, შეინარჩუნონ და თაობებს გადასცენ მშობლიური ენა, ქრისტიანული რწმენა და ეროვნული კულტურა, რადგან ისინი ხალხის, როგორც ერის შენარჩუნების გარანტიაა.
საიუბილეო ღონისძიებაში სოფლის მოსახლეობა სპეციალური პავილიონებით იყო ჩართული და საკუთარი ხელით მომზადებულ ტკბილეულს და კერძს წარმოადგენდა.
მხიარული სიმღერების, ცეკვებისა და მხიარული მუსიკის თანხლებით, საიუბილეო ზეიმი გვიანობამდე გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის რაიონის წითელსოფელში, სადაც 200-ზე მეტი სომხური ოჯახი ცხოვრობს, აქ ძირითადად დასავლეთ სომხეთიდან იძულებით გადაადგილებულთა და ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილ პირების შთამომავლები ცხოვრობენ. ამ ხელსაყრელ პირობებში დასახლებულმა სომხებმა შეინახეს და შეინარჩუნეს თავიანთი ენა, რწმენა და ეროვნული ღირებულებები. 2012 წელს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით, სოფელში აშენდა და საზეიმოდ აკურთხეს წმინდა ხარების სამლოცველო, სადაც ეპარქიის სასულიერო პირები რეგულარულად აღავლენენ საღვთო ლიტურგიებს და რელიგიურ ცერემონიებს. 2015 წელს, სომხების გენოციდის 100 წლისთავზე, სოფელში წმინდანად შერაცხული მოწამეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩკარი აღიმართა.