Материалы

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

2023 წლის 9 აპრილს, ჩვენი იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მრავალრიცხოვანი მრევლის მონაწილეობით, სომხური ეკლესიის წესისა და რიტუალების თანახმად აღინიშნა.

მრავალრიცხოვანი მრევლი იყო შეკრებილი თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ეკლესიების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მორწმუნეები ეკლესიებში მოდიოდნენ ოჯახებთან ერთად, დღესასწაულთან დაკავშირებით შეღებილი კვერცხებით, ტკბილეულითა და სანთლებით მორთული კალათებით. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ თემის ოფიციალური პირები, განათლებისა და კულტურის მოღვაწეები და მორწმუნეები.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, აღდგომის დღესასწაულზე აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები და საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი იზაბელა ოსიპოვა.

3404701

დღესასწაული ეკლესიებში დაიწყო ღვთისმსახურებებითა და ანდასტანით. ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, სულიერმა მოძღვარმა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ II-ის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხა.

ეპარქიის წინამძღვარმა, აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრისას ქადაგებაში აღნიშნა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კეთილის ბოროტზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაულია. წმინდა მამამ ისურვა, რომ კეთილის გამარჯვებამ მოუტანოს სინათლე სომხეთსა და საქართველოს, მშვიდობა დამკვიდრდეს უკრაინაში და ომის სისასტიკიდან დაცულნი იყვნენ ქვეყნები და ხალხები. მწირველმა წმინდა მამამ ქართველ ქრისტიან ხალხს ბზობის დღესასწაული მიულოცა, რომელსაც ქართული ეკლესია დღეს ზეიმობს.

ეკლესიის ეზოში გაიმართა სადღესასწაულო გამასპინძლება. მორწმუნეები ამაღლებული განწყობით ულოცავდნენ ერთმანეთს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ლოცულობდნენ მსოფლიოში მშვიდობის და ადამიანების ჯანმრთელობისათვის.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქ. ბათუმში, ქ. რუსთავში, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მოქმედ სომხურ ეკლესიებსა და სასულიერო ცენტრებში. ყველგან სომეხი მრევლისათვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მისალოცად იყვნენ მისულები ოფიციალური პირები და სხვადასხვა ეროვნების მორწმუნეები.

ორშაბათს, ეკლესიებში აღვლენილი წმინდა წირვის შემდეგ, მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულება.

3394109

3394131

339408

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են