Материалы

ბზობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

2024 წლის 24 მარტს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ იზეიმა ბზობა: იესოს დიდებით შესვლა იერუსალიმში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა წირვა აღევლინა.

ბზობის წინა დღეს - შაბათს, ეკლესიებში შესრულდა ბზობის წინასადღესასწაულო ცერემონია, გაიხსნა საკურთხევლის ფარდები.

დილიდანვე ხალხმრავალი იყო თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოები და მიმდებარე ტერიტორია. მორწმუნენი ამაღლებული განწყობით იკრიბებოდნენ რათა გაეზიარებინათ იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის სიხარული.

ეკლესიებში დილის ღვთისმსახურების შემდეგ აღესრულა წმინდა წირვა. ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში წმინდა წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა.

3

წმინდა წირვის მიმდინარეობისას ეპისკოპოსმა კირაკოსმა სათანადოდ იქადაგა ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობასა და დღესასწაულის სულიერ სწავლებაზე. მორწმუნეებს გაახსენა იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლოს განცდილი ტანჯვები. ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მოუწოდა, რომ ბზობის საზეიმო განწყობით, სიყვარულით, სიკეთით და რწმენით იცხოვრონ, მშვიდად შეხედონ მომავალს, უერთგულონ სამშობლოს, განდევნონ შიში, გულგრილობა, მარტოობა და ღალატი,იცხოვრონ  ქრისტესთან ერთად მომავლის რწმენით, რადგან ჩვენი მაცხოვარი ყოველგან ჩვენთან არის - ჩვენს სულებშია სიყვარულითა და ზეციური ძალით.

ეკლესიის საკურთხეველი მორთული იყო ტირიფის და ზეთისხილის რტოებით, რაც დღესასწაულის განსაკუთრებულობის აღმნიშვნელი იყო.

წლების წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ ბზობის დღესასწაული ბავშვების კურთხევის დღედ გამოაცხადა.

ეკლესიებში განსაკუთრებით  ბევრი ბავშვი იყო შეკრებილი - მცირეწლოვნები და სკოლის მოსწავლეები. ისინი ეკლესიაში რიტუალურ ცერემონიაში მონაწილეობისა და უზენაესის კურთხევის მისაღებად იყვნენ შეკრებილნი. წმინდა წირვის შემდეგ ეკლესიებში მწირველი მღვდლების მიერ ბავშვების კურთხევის წესი შესრულდა. 

2

ბზობის დღესასწაულზე ხალხმრავლობა იყო ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიაში. ღირსმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა აღავლინა წმინდა წირვა, რის შემდეგაც დალოცა ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრის მოსწავლეების და ბათუმში მცხოვრები ბავშვები.

ბზობის დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით და ბავშვების კურთხევით აღინიშნა აგრეთვე ახალქალაქის სურბ ხაჩ, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლესიებში. ეპარქიის სულიერი მოძღვრები ეწვივნენ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს რაიონებში სომხებით დასახლებულ სოფლებს. სულიერი მოძღვრების მიერ ადგილზე შესრულდა სახლის და აგრეთვე ბავშვების კურთხევის რიტუალი, იკურთხა დღის სიმბოლოდ მიჩნეული ტირიფის და ზეთისხილის რტოები.

ეკლესიებში საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა კარის გახსნის რიტუალი და გაიხსნა ეკლესიის ფარდები.

4

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են