Материалы

სომხურ-ქართული მეგობრობის ისტორიის გაცნობა - „საქართველო და ჰოვანეს თუმანიანი“

2024 წლის 16 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიება სახელწოდებით - „ჰოვანეს თუმანიანი და საქართველო“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი მწერლები, პოეტები, არმენოლოგები, მთარგმნელები, პედაგოგები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სომეხი და ქართველი სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, თბილისელი სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები და სომხურ-ქართული მეგობრობის აპოლოგეტები. დღე სიმბოლური მნიშვნელობის იყო, ორი ქრისტიანი ერის - სომხებისა და ქართველების მეგობრობის შთაგონებით აღსავსე.

ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლების გოჰარ მაზმანიანისა და ედიტა ზოჰრაბიანის ინიციატივით ჩატარდა, მიზნად ისახავდა სომხურ-ქართული საუკუნოვანი მეგობრობის იმ ისტორიის გაცნობას, რომელიც ჰოვანეს თუმანიანის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ გამოვლენილი თბილი მეგობრობითა და ძმური სიყვარულით ჩაიწერა.

ღონისძიებას ესწრებოდა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის გიდი გოჰარ მაზმანიანი, მასწავლებლის სახლის თანამშრომელი კარინე მანუკიანი, არმენოლოგი ნათია ჩანტლაძე. თითოეული გამომსვლელის სიტყვა მოიცავდა სახალხო პოეტის სიდიადესა და სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბარს - შეეხებოდა ნერსესიანის  სასულიერო სემინარიაში თუმანიანის სწავლის პერიოდს, სომეხი და ქართველი ავტორების ნამუშევრების თარგმანებს,  1918 წელს დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნის პერიოდში ჰოვანეს თუმანიანის შეტანილ წვლილს, საიათნოვას „ვარდატონს“, რომელიც დღესაც აქტუალურია, აგრეთვე მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების და ქართველი და სომეხი ახალგაზრდების ხალხთა მეგობრობის თანამონაწილედ ქცევის მნიშვნელობას.

ღონისძიება დატვირთული იყო აგრეთვე მხატვრული ნომრებით. ქართულ ენაზე ჰოვანეს თუმანიანის ლეგენდა „ძაღლი და კატა“ წაიკითხა ნატალია მირზოიანმა, ხოლო აიდა ბაზოიან-სურმალიანმა და არმან პაპიკიანმა შეასრულეს საიათნოვას ნაწარმოებები, რასაც მაყურებლის მხრიდან თბილი გამოხმაურება მოჰყვა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են