Материалы

სურბ სარგისის დღესასწაული თბილისში

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით აღინიშნება სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის - მარტიროსისა და 14 ჯარისკაცის ხსენების დღე. დღესასწაული მოძრავია და წელს იგი 4 თებერვალს აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებული მოლოდინები და დღესასწაულისათვის მზადების ენთუზიაზმი წინასადღესასწაულოდაც იგრძნობოდა. სურბ სარგისი ერთ- ერთი გამორჩეული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ათასობით სომეხ და უცხოელ ახალგაზრდას სომხური ეკლესიის გარშემო აერთიანებს. ასე იყო წელსაც.

თბილისში დღესასწაულის აღნიშვნა დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ჯვრის მსვლელობით დაიწყო. 2023 წლის 3 თებერვალს, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შეკრებილი მრავალრიცხოვანი მრევლი, სულიერი მსახურების ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანისა და ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის წინამძღოლობით, დიაკვანთა დასთან ერთად, სურბ სარგისის ხატებითა და ბაირაღებით, გაემართა ხარფუხის რაიონში მდებარე წმინდანის სახელობის სამლოცველოსკენ, რომელიც 1883 წელს არის აგებული. მომლოცველები გზად შეჩერდნენ და ლოცვა აღავლინეს ავლაბრის ცენტრში მდებარე „შამქორეცოც კარმირ ავეტარან“ უძველესი ეკლესიის ნანგრევებთან.

1

ჯვრის მსვლელობის ყველა მონაწილემ, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს შეადგენდა, სათითაოდ შეძლო შესვლა, სანთლების დანთება და ლოცვა მყუდრო და ძლიერ სამლოცველოში. აღთქმის შესრულების შემდეგ მომლოცველები სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ და ადგილზე მყოფ ასობით მორწმუნეს შეუერთდნენ.

ხალხმრავლობა იყო სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ტაძრის ეზოში. წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა თბილისის სომხური ეკლესიების სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით.

სურბ სარგისის დღესასწაულის აღნიშვნა მიღებულია არა მხოლოდ საეკლესიო წესით, არამედ ხალხური წეს-ჩვეულებებითაც, მათ შორის ტრადიციულია მარილიანი კვერი, სიზმარი, ფოხინდი (ქუმელა) და ფქვილის ფაფა.

წინასადღესასწაულო ცერემონიალის დასასრულს სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში შეკრებილმა ახალგაზრდებმა მიიღეს მარილიანი კვერები, რომელსაც თავიანთი სიზმრების ასრულებას უკავშირებენ.

1

4 თებერვალს, დღესასწაულის დღეს, სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, წმინდა წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქ. რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა.

წმინდა წირვის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა გადასცა და იქადაგა დღის მნიშვნელობაზე - სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟისა და ჯარისკაცების მიერ ქრისტიანობისთვის თავგანწირვაზე. ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა ისაუბრა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის უმაღლესი განკარგულებით სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაულის ახალგაზრდების კურთხევის დღედ გამოცხადების შესახებ, შეასრულა ახალგაზრდების კურთხევის წესი და მათ მიზნების განხორციელება უსურვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვრო მადლიერებას გამოხატავს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიმართ - მომლოცველობისას ჯვრით მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოების საპატრულო ჯგუფებით უზრუნველყოფისათვის.

სურბ სარგისის დღესასწაული მომლოცველობითა და წმინდა წირვით აღინიშნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვა ეკლესიებში.

1

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են