Материалы

სომხური პოეზიის მარგალიტებით შეზავებული ლექცია სომხეთის ისტორიაზე

2022 წლის 26 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ვანაძორიდან ჩამოსულ მწერალ, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოს, პუბლიცისტ კარო ვარდანიანთან და მხატვრული კითხვის ოსტატ, არტისტ ჯივან სართან (სარგსიანი). ღონისძიება ორგანიზებული იყო „ინტერკაპ“ საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ - ხელმძღვანლის ნორაირ ზულოიანის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით.

ცენტრის დარბაზში სომხეთის ისტორიის ფურცლებიდან მომდინარე პატრიოტული სულისკვეთება იგრძნობოდა. მაყურებელი მოსული იყო, რათა ბრძოლებით აღსავსე ერის ისტორიის  გვერდებიდან შეეტყო ეროვნული გმირის, ღირსეული სომეხი მამულიშვილის ანდრანიკ ოზანიანის საქმიანობის და მისი უსაზღვრო პატრიოტიზმის, ისევე როგორც სამშობლოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენობისა და ტერიტორიული დაცვისათვის გამართული ბრძოლების გამოუქვეყნებელი ისტორიები. აღსანიშნავია, რომ დარბაზში ჭარბობდა ახალგაზრდების რაოდენობა.

შეხვედრის გახსნის და სტუმრების მისალმების შემდეგ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა სომხეთის ისტორიის შესახებ ლექციას და სომხური ლიტერატურის პატრიოტული ლექსების მხატვრულ კითხვას, რომელიც უთუოდ დედა სამშობლოდან შორს მყოფი თითოეული სომეხისათვის მონატრება და პატრიოტული  სულისკვეთებაა. ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ინტერკაპ“ საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზებული შთამაგონებელი შეხვედრების ციკლი დაიწყო თბილისიდან, კერძოდ ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრიდან და გაგრძელდება რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქში, ისევე როგორც ჩატარდება გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

Img

გასული საუკუნის 90-იან წლებში დაფუძნებული „ინტერკაპ“ საქველმოქმედო საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტიური საქმიანობითა და თბილისის ტვირთგადამზიდი კომპანიის კეთილი ნების გამოხატულებით, 25 წელია, წელიწადში ოთხჯერ ხორციელდება საქართველოს ტერიტორიით დაახლ. 15 სატვირთოს უფასო ტრანზიტი. საქველმოქმედო თანამშრომლობის ნიშნად ნორაირ ზულოიანმა ორგანიზაციის სახელით მადლობის სიგელები გადასცა თანამშრომლობის ხელმძღვანელს, თამაზ ბექაურს და საქმიანობის მხარდამჭერებს - იური აკულიანს, ლევან კენჭაძეს და ომარ სისაშვილს.   

დამსწრეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ისტორიკოსის, კარო ვარდანიანის ლექცია, რომელიც არა მხოლოდ ლეგენდარული სარდლის გმირულად გამარჯვებული ბრძოლების და დიდი პატრიოტული სულისკვეთების ბიბლიოგრაფია იყო, არამედ სხვა დამამტკიცებელი დოკუმენტაციისა და სხვადასხვა ადამიანების მოგონებების ერთიანობა. ლექციამ დამსწრეებს უამრავი შეკითხვა გაუჩინა, რომელზე პასუხებიც იყო სიღრმისეული და მეცნიერულად დასაბუთებული.

მხატვრული კითხვის ოსტატის, ჯივან სარის (სარგსიანი) პატრიოტული ლექსები შეერწყა ლექციის სულისკვეთებას, რომელმაც აღძრა დედა სამშობლოს მიმართ მონატრების, სამშობლოს საბედისწერო აწმყოს,  44-დღიანი ომის ათასობით მსხვერპლით და ტერიტორიების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.

ღონისძიება შეაჯამა ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა. მან დამსწრეებს ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა გადასცა და ისაუბრა სომეხი ხალხის სასტიკ ბედზე, გადარჩენილ და მთელს მსოფლიოში გაბნეულ სომეხ ერზე, რომელმაც უნდა იცხოვროს, რომელიც უნდა იყოს მრავალჟამიერ და გამრავლდეს – შეინარჩუნოს სომეხი კაცის ტიპი  და იცხოვროს სომეხი კაცის მისიით.

ღონისძიება გახდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ულამაზესი და შინაარსიანი ისტორიის ერთ-ერთი გვერდი.

Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են